logo
ENG



"რიონის მცველების" აქციამ გუმათიდან ქუთაისში გადმოინაცვლა

14 აპრ 202116:53
3 წუთის საკითხავი
 
"რიონის მცველების" აქციამ გუმათიდან ქუთაისში გადმოინაცვლა
ვახო ქარელი/ფორმულა

"რიონის მცველების" აქციამ გუმათიდან ქუთაისში გადმოინაცვლა. 

ისინი ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. 

ერთ-ერთმა აქტივისტმა, მირზა ნოზაძემ თქვა, გეგმავენ, მოედნის პიკეტირება მოახდინონ, დარჩნენ აქ ღამე და შემდგომი გეგმებიც შეიმუშავონ

"ვაპირებთ, დავრჩეთ მოედანზე. გადავკეტავთ მოედანს, პიკეტირებას მოვახდენთ მთელი მოედნის და დავგეგმავთ ხვალინდელ დღის წესრიგს. ჩვენ ვერ შევეგუებით ხელისუფლებისგან უკანონო მოწოდებებით პროტესტის ჩახშობას. მოვითხოვთ, ყველა მათი მოწოდება იქნას სამართლებრივად არგუმენტირებული, დაწყებული ნამახვანის კარვების დარბებიდან დამთავრებული ბლოკპოსტის მოწყობით და იმით, რომ გვიკრძალავენ ხმაურიან პროტესტს. ჩვენ თითქოს ყელში ვეჩხირებით ვიღაცას. ის აუცილებლად ნახავს, რომ სახელწიფოს მართავს ხალხი და ხელისუფლება უნდა დაემორჩილოს მის ნებას. როცა ხელშეკრულებები ანტისახელმწიფოებრივია, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ხელშეკრულების გაუქმებას". - თქვა მან. 

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. ასევე, აუკრძალა ჯებირებზე ბრახუნი და პროტესტის ასე გამოხატვა. 

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილს თქმით, ამას 2 მიზეზი აქვს: სამძებრო სამუშაოები - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. და ის, რომ "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში". 


close დახურვა